logo
ENG



რაციონალური პოლიტიკით, მინიმუმამდე შევამცირეთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - "ოცნება"

08 აგვ 202000:24
3 წუთის საკითხავი
 
8rtf8li2wddkz1z.jpg

მმართველი პარტია ქართული ოცნება აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება, და წერს, რომ "რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით" მათ მინიმუმამდე შეამცირეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ამის შესახებ განცხადება 7 აგვისტოს, დღის ბოლოს, პარტიის Facebook გვერდზე გავრცელდა.

"რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა, ხოლო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს", - წერია პარტიის განცხადებაში.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება და სიფრთხილეა საჭირო, რათა "უპასუხისმგებლო" და "დანაშაულებრივმა" ნაბიჯებმა დამატებითი რისკები არ შექმნას. 

"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა დაღუპული გმირების ოჯახებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მდგომარეობაზე იზრუნოს. მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს", - აცხადებს ქართული ოცნება. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 მშვიდობიანი მოქალაქე, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

შექმნილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე.

ამის პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები. 


close დახურვა